კარლ ჰარცელი: თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას.

ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“.

„როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს, იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ მხარეს. თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია", - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.


პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს