გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირს სტრუქტურული მოდერნიზებისკენ მოუწოდა, რათა ახალი წევრების მიღება გამარტივდეს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცი იმედოვნებს, რომ 23-24 ივნისის სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია, ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭო პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.