ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა

ექსკლუზივი

ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ევროკომისიის დასკვნას Europetime-თან აფასებს. ჩეხი პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მხრიდან რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისივე შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა ევროპული რეფორმების განხორციელებას ნამდვილად ნიშნავს, ეს მათ ახლა უნდა აჩვენონ.

„ვფიქრობ, ევროკომისიის დასკვნა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, ამავე დროს, არ ივიწყებს ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც პროევროპული რეფორმების მიმართ არსებობს.  

თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მისწრაფებებში ევროპულ რეფორმებს ნამდვილად გულისხმობს, მათ აქვთ გზა: აჩვენონ პროგრესი ხსენებული რეფორმების განხორციელებით და შემდეგ მიიღონ კანდიდატის სტატუსი“, - განუცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-ს.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის ლიდერები საკითხს ამ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია კი,, პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

European Commission recommends Ukraine be granted EU candidate status |  News | DW | 17.06.2022

ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.