ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას

რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ, თუმცა ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.


ასევე წაიკითხეთ:

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა