ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა.
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.
ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა.
ანკარა ოფიციალურად ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.