საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას.
დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი, ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეულ შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ის ევროპული პერსპექტივის აღიარებას მოიცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს.
არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრაოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.