ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჰარცელის განცხადებით, გუშინდელი აქცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი და ღირსეული მანიფესტაცია იყო.
„რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანისა. ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოს და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალურად წავიდეს წინ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის შეფასებით, ევროკომისიის მიერ მოცემული პერსპექტივა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისათვის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, რისთვისაც ქვეყანამ გულმოდგინედ უნდა იმუშაოს და ამ მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„არ უნდა შეგვეშალოს - ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოადგენს მკაფიო თანხმობას, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აქვთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად ხელსაყრელი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რაც ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ წინ შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ამისთვის ევროკომისიისგან ჩვენ გვაქვს სია განსაზღვრული მოთხოვნებისა, რომლებიც საქართველომ განვითარებისთვის უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს ევროპული მომავალი თავად საქართველოს ხელშია - დროა, გულმოდგინედ იმუშაოთ და ნაბიჯები წინ გადადგათ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.