პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.
პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ.
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“.
„ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
კალინინგრადი, ოდესღაც, კოენიგსბერგის პორტი, აღმოსავლეთ პრუსიის დედაქალაქი, 1945 წლის აპრილში წითელმა არმიამ დაიპყრო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირს დაუთმო. ის NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორისაა მოქცეული.