ექსკლუზივი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და განაგრძობს მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებთან მუშაობას, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელ რეფორმებს ახორციელებენ, ეს კი, ბლოკის წევრობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
„შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და ჩვენ ამ მხარდაჭერის ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას მათ ევროპელ მეზობლებთან, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას, რადგან ისინი აგრძელებენ გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელ რეფორმებს და საკანონმდებლო დონეზე ადაპტაციას, რაც აუცილებელია გაწევრიანების პროცესისთვის.
გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირს მივმართავთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.