საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარალამნტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის“ თემა მოგონილია და ამის მიუხედავად ეს საკითხი ოპოზიციამ ხელზე დაიხვია.
„დღეს მთავარ თემად აქვთ დახვეული ხელზე, რომ „დეოლიგარქიზაცია“ უნდა მოახერხოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების აბსტრაქტულ როლზე ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა „დეოლიგარქიზაცია,“ ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. „მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.