ვიოლა ფონ კრამონმა ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი.

„ჩვენ ევროპის ისტორიაში ნამდვილი ცვლილებების მომსწრენი ვართ. უკრაინა როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მთლიან ევროპას პუტინის იმპერიული ბოროტებისგან იცავს. მოლდოვამ ათასამდე ლტოლვილი მიიღო და ახლა დიდი ეკონომიკური წნეხის წინაშეა, რაც ომმა გამოიწვია. საქართველო რეგიონში იყო პირველი, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ამ კონტინენტის მომავალი შეიცვლება ან ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, ან პუტინის წესების მიხედვით.

შესაბამისად, დროა, რომ ევროკავშირმა ძალაუფლების ენაზე დაიწყოს საუბარი და წარმოაჩინოს თავისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. ევროპა არ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაც მათ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. მოვუწოდებ ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.


შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანითცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.