დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება. ლიდერები უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით დასკვნებს 23 ივნისს, 19:00 საათისთვის დადებს.
ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მათ შორის მის გავლენას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა. საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ევროკომისიამ თავისი მოსაზრება ქვეყნების განაცხადებზე 2022 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.