უზბეკმა მძღოლებმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთები პირველად გადაზიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
„პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში, რომელიც ახალი ტემპით ვითარდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
წინაპირობა
კერძოდ, მიმდინარე წლის 26-27 მარტს ქალაქ ტერმეზში გაიმართა სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანისა და უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გადამზიდველთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე სატრანსპორტო და საბაჟო უწყებები. შეხვედრაზე უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა განისაზღვრა.
„სამმხრივი ძალისხმევის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია ამ სატრანსპორტო დერეფნის სრული ფუნქციონირება, საქონლის უმოკლეს დროში მიწოდება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო ჩასვლა“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
შედეგად, უზბეკმა მძღოლებმა პირველად წარმატებით დაასრულეს ტვირთის გადაზიდვა უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მარშრუტზე. უზბეკმა მძღოლებმა, დაფარეს 2760 კმ მარშრუტი "ტაშკენტი - თერმეზი - მაზარი-შარიფი - ქაბული - ფეშავარი - ყარაჩი". მათ ყარაჩის პორტიდან ტაშკენტში ტვირთი ერთ კვირაში ჩაიტანეს.