ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მოქალაქეების ევროპული მიზნების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. ამის შესახებ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიუთითებს.
უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში.
ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ წევრი ქვეყნები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში. ევროპარლამენტარები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ ითხოვენ.
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.