ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს

„ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა. კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რა არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის მკაფიო გზავნილები, ამასთან, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით. ეს იქნება კარგი საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს.

მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო.

3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.