უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, „აუხსნელი და გაუგებარია“. სიიარტოს შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან.
„გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა.
ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებით, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს ახლა.
ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ. მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს.
უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით.
ისმის კითხვა - რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში? - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მოვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტის დელეგირებას, რათა დაგეხმაროთ ევროინტეგრაციის ძალისხმევაში. გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ", - დაამატა პიტერ სიიარტომ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.