ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება მაკალისტერმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
„უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი გამოხატავს თავის ურყევ ერთგულებას ამ ქვეყნებისა და მათ მიერ თავისუფლად არჩეული ევროპული გზის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ისტორიულია. ეს არის ლიდერობის, პასუხისმგებლობის, მტკიცე და პრინციპული პოლიტიკური ხედვის დემონსტრირება. ასევე, იმედის ნიშანია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. საქართველოს იგივე სტატუსის მიენიჭება მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დასახელებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ვინაიდან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, შესაბამისი პროცედურების, დადგენილი კრიტერიუმების შესრულებასა და დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, მოვუწოდებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, განაგრძონ შესაბამისი რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის სფეროებში.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება გაფართოების მოლაპარაკებებს და მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია დევიდ მაკალისტერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.