მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა.
ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია.
მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები:
- რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა;
- უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა;
- იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა;
- სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა;
- გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა;
- ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა;
- თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა;
ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად.
ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი.
ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი.
მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში:
- 2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა;
- 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა;
- 2018 წელი - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა;
- 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა;
- 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა;
- 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,1 ათასი ტონა;
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა.
რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს?
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება.
„მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე.
რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს.
დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს.
ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი.
P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.