უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯებზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან FT-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აღიარებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში NATO-ში შესვლა შეუძლებელია. „NATO-ს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ჩვენ ამ მხრივ სხვა არაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ჟოვკვამ.
მადრიდის სამიტზე NATO სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას - სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში NATO-მ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა.
მედიის ცნობით, უკრაინას ასევე სურს, რომ სტრატეგიული კონცეფციიდან გამოირიცხოს ნებისმიერი მითითება რუსეთზე, როგორც პარტნიორზე. ბოლო ვერსიაში ნათქვამია, რომ NATO რუსეთთან „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას“ ესწრაფვის და NATO-სა რუსეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ჟოვკვამ აღიარა, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთზე ნებისმიერი მითითება წაიშლება. „მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სურს დატოვოს გზა დიალოგისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ომი დოკუმენტში იყოს აღწერილი. „თუ NATO-ს წევრები არ გაამჟღავნებენ რეალურ ვითარებას, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი და აბსოლუტურად შეუსაბამო“, - დასძინა ჟოვკვამ.
NATO-ს მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს იმართება.