ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ.

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში სურათი მთლიანად შეიცვალოს”, - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ და გააღრმაონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო გააძლიერონ.