მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას. მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა, უზრუნველყოს და უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინის აღდგენას.

ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო და  გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ ურყევი ერთიანობა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. 

ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა.

„ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - აღნიშნულია სამიტის პროგრამაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში სავარაუდოდ, ორშაბათს ვიდეო ჩართვით მიიღებს მონაწილეობას.

G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.