Bloomberg: რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი დეფოლტი იყო დასავლური სანქციების კულმინაცია, რამაც გადაკეტა უცხოური კრედიტორების გადახდის გზები.

26 ივნისს დაახლოებით $100 მილიონის მოცულობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა და თუ ეს ვადა დაირღვა, დეფოლტის მოვლენად მიიჩნევა.

მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ევრობონდებით პრობლემურ დონეზე ივაჭრება, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები კვლავ გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.

გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსულ ევრობონდებზე უცხოურ ვალუტაში გადახდების შეწყვეტა და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს, ეს გამოწვეულია ფორსმაჟორით, ხოლო რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებამდე თანხების სრულად მისატანად.


ობლიგაცია არის მთავრობების, კომპანიების, ბანკების, კომუნალური და სხვა მსხვილი პირების მიერ გაცემული ფიქსირებული საპროცენტო ფინანსური აქტივი. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს.

დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.

დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე  გაკოტრებულს იყენებენ.


უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.