ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა.
საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია.
ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები
- 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა;
- 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა;
- 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა;
- 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა;
- 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა;
საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები)
- ხორბალი 15%;
- სიმინდი 68%;
- კარტოფილი 92%;
- ბოსტნეული 63%;
- ყურძენი 145%;
- ხორცი 49%;
- რძე და რძის პროდუქტები 81%;
- კვერცხი 97%.
Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს.
„აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია.
ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება.
ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი:
- ავსტრია - 0,30 ათასი ტონა;
- გერმანია - 0,30 ათასი ტონა;
ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი:
- რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა;
- აშშ- 24 355.52 ათასი ტონა;
- სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა;
- ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა;
- თურქეთი - 71.00 ათასი ტონა;
- ავსტრია - 44,37 ათასი ტონა;
- საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა;
- სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა;
- უკრაინა - 20.00 ათასი ტონა;
- საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა;
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა.
რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა.
ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?
ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს.
ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს.
ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს?
დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს.
ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები.
ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს.
ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას?
ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.