ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2017-2021) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თურქეთში, ანტალიაში 41,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, უძრავი ქონების შესყიდვის კუთხით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირველ სამეულში რუსეთი, ირანი და გერმანია არიან.
უძრავი ქონების სააგენტო Helmann-ის თავმჯდომარემ, სელმან ოზგუნმა, Anadolu Agency-ს განუცხადა, რომ ანტალია თურქეთში უძრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთის „ტურისტული დედაქალაქი“ მხოლოდ სტამბოლს ჩამორჩება. რეგიონი ასევე ლიდერობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და აქ განთავსებული კომპანიების დამფუძნებლების რაოდენობით, განაცხადა ოზგუნმა.
„100-ზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება ანტალიიდან ათობით ქვეყანაში. მუდმივად საცხოვრებლად აქ ხალხი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდის. ადგილობრივი და გლობალური ბრენდების ინვესტიციები არ წყდება“, - განაცხადა ოზგუნმა.
მისივე თქმით, ანტალიის თავისებურებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ინვესტორები რეგიონში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. 2017 წლიდან 2021 წლამდე უცხოელებმა ქვეყნის მასშტაბით 206 768 უძრავი ქონება შეიძინეს, საიდანაც 20,2% ანტალიაშია.