არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად გამოაცხადა.
„ზოგადად ლათინური ამერიკისთვის და განსაკუთრებით არგენტინისთვის, დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მსოფლიო სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, მინერალებითა და სასუქებით მიწოდების სფეროში კონფლიქტში მყოფი მიმწოდებელი ქვეყნების ნაცვლად“, - აცხადებს არგენტინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი (2018-2019) დანტე სიკი. მას მიაჩნია, რომ „ევროპას ახალი მომწოდებლები სჭირდება და მათ მშვიდობიან რეგიონებში დაეძებს“.
ერთი კვირის წინ არგენტინის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში რესპუბლიკაში ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობამ ქვეყნისთვის, რეკორდულ დონეს მიაღწია და დღე-ღამეში 241 ათასი ბარელი და 76 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. დეპარტამენტის ცნობით, მთლიანობაში ნავთობის მოპოვებამ მაისში 584 000 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. გასულ თვეში არგენტინაში გაზის მოპოვების მაჩვენებელი 136 მილიონი კუბური მეტრი იყო. წლის განმავლობაში ზრდამ შესაბამისად, 14% და 12% შეადგინა.