ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში - 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადარჩენილებს სიცხე და სხეულის გადახურება აღენიშნებოდათ.
სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კმ-ში მდებარეობს და კონტრაბანდისტების სატრანზიტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველმა ჩარლზ ჰუდმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 18:00 საათზე მივიდნენ, მას შემდეგ რაც სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილების შესახებ ცნობები მიიღო.
მანამდე ადგილობრივებმა იპოვეს ტრაილერი, რომლის გვერდით ცხედარი შენიშნეს. კარების გაღებისთანავე შიგნით კიდევ რამდენიმე ცხედარი დაინახეს, სატვირთოს არ ჰქონდა კონდიციონერი და მისაბმელის შიგნით წყალი არ იყო.