ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, აშშ მსგავს აქტივობებს აკვირდება.
„ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარ აქტივობებს ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამგვარ ანგარიშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
28 ივნისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს.
27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.
ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.