უკრაინელების 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 73% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 90% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% მხარს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კვლევის თანახმად, დასავლეთ უკრაინაში გამოკითხულთა 94%-ს, ცენტრალურ და ჩრდილოეთში 93%-ს და ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში 84%-ს სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

ამავდროულად, დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლების 82%, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში - 79%, აღმოსავლეთში - 59%, სამხრეთში - 65% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა. 

ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.

28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მიღებულია NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.