ირანი მუშაობს პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რათა თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა შემცირდეს. ამ მიზნით, სირიაში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი.
„ჩვენ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა და დაამატა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ასევე ისაუბრა თურქეთის ოფიციალურ პირებთან. „მზად ვართ დაგეხმაროთ ამ კუთხით“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ალ-მოქდადმა განაცხადა, რომ დამასკო მიესალმა ირანის ძალისხმევას.
ანკარამ პირობა დადო, რომ ახალ შეტევას განახორციელებს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებზე, რათა „განდევნოს ქურთების მეთაურობით მებრძოლები, რომლებსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს“.
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 2016 წელს დაიწყო, რასაც დამასკო მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.