ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს

NATO საქართველოსგან რეფორმების განხორციელების ტემპის აღდგენას ელის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა.

„მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით.

მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.