NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ვინიკოვის განცხადებით, NATO გააგრძელებს მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება.
„როგორც იცით, გასულ კვირას NATO-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორსმიმავალი გადაწყვეტილებები NATO-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი. მოკავშირეებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილებები, რომ ალიანსის ადაპტაციასა და განმტკიცებას მოახდენენ უფრო სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა, რუსეთი და ჩინეთი გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.
მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დაიყოს. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ NATO მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე - მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს.
ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ალიანსისთვის და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე.
მეოთხე - NATO-ს ლიდერებმა წარადგინეს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის, ეს ეხება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე - სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა, ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ.
მეხუთე – მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება NATO-ს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. მეექვსე – NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომლებიც მათ სამიტზე შეუერთდნენ. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო.
მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი, მოგეხსენებათ, არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში.
ეს ზომები გამოხატავს საქართველოს მიმართ NATO-ს მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, გამოხატავს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას, რომელიც საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება.
სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს NATO-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე, ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.
ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
„ეს ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე, მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა.
ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი წვრთნების სიხშირეს და შევეცდებით მათ ჩატარებას არა სამ, არამედ, ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის, ევროკავშირთან. NATO ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის გამოგზავნას.
ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს. მომავალ თვეებში, ჩვენი ოფისი მჭიდროდ იმუშავებს ქართველ კოლეგებთან, რათა მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები გარდაიქმნას უფრო დეტალურ გეგმაში, თავისი მიზნებითა და ვადებით“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.