ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი.
უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.