შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ტექტონიკური ძვრები ჩვენს კონტინენტზე და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია", - განაცხადა შარლ მიშელმა. 

29 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი გადაწყვიტა და ქვეყანაში, რეფორმების განსახორციელების ვალდებულება აიღო. 


შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.