მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომის შესახებ განაცხადოს.

ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun.

PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც პარტიის წევრების მიმართ არასწორი მოქცევის გამო მისმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 120 -დან 50-ზე მეტი წევრი. 7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ამ პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა ნადიმ ზაჰავიმ კი, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს. ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ გახდა. 


შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.