თურქეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი, „ჟიბეკ ჟოლი“, თურქეთის პორტიდან გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარემ მარცვლეულის ქურდობის მტკიცებულება წარადგინა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის გასარკვევად თურქეთის ელჩს დაიბარებს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა  ოლეგ ნიკოლენკომ Twitter-ზე დაწერა.

„ვწუხვართ, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს „ჟიბეკ ჯოლის“ კარასუს პორტის დატოვების უფლება მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულება იყო წარდგენილი. თურქეთის ელჩი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება მიწვეული“, - წერს ნიკოლენკო.

უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთმა, კვირის დასაწყისში თავის პორტში, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული  რუსული გემი დააკავა.  ამის შემდეგ თურქულმა და უკრაინულმა მხარეებმა გემის შესაძლო დაკავების შესახებ კონსულტაციები გამართეს.

უკრაინამ ასევე სთხოვა თურქეთს, დახმარება გაუწიოს რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი სამი გემის შემოწმებაში, რომლებსაც შესაძლოა ასევე მოპარული მარცვლეული გადაჰქონდეთ.