ჯინ შაჰინი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

„დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმას“ მადრიდის NATO-ს სამიტის შემდეგ განუცხადა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა.

საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.


შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.