კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters.
ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს.
7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა.
„ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.