ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება.

საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის.

ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1-ელი ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს.

IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია.


ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.

მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.