ფოთის პორტში ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, - ამის შესახებ იან როულინსონი, APM Terminals ფოთის კომერციული დირექტორი აცხადებს. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნების მხრიდან შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერესი გაიზარდა.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ინტერესს, მეზობელი კავკასიის ქვეყნებიდან, ასევე ინტერესი გაჩნდა კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მხრიდან და ცენტრალური აზიიდან. მათი ინტერესის სფეროა შუა დერეფანი. გაჩნდა მზარდი ინტერესი, რომ ჩინეთიდან წამოსული ტვირთები შუა დერეფნით გადაზიდონ. მანამდე ამ ტვირთების გადაზიდვა რუსეთის მარშრუტზე ხდებოდა. ბოლო დროს კი ვხედავთ, რომ ეს ტვირთები ყაზახეთიდან აზერბაიჯანში კასპიის ზღვით ხვდება, შემდეგ კი ფოთის პორტში, რათა ზღვით ევროპაში გადაიზიდოს“, - ამბობს როულენსონი.
მისი თქმით, დღეს ფოთის პორტის წლიური გამტარუნარიანობა 500-550 000 TEU (კონტეინერი) შეადგენს. გასულ წელს ეს მოცულობა 300 000 TEU -იყო, სრული სიმძლავრის 60%.
„კომპანია თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან, რათა სიმძლავრე კავშირები გააუმჯობესოს და ტვირთბრუნვა გაზარდოს“, - აცხადებს APM Terminals ფოთის კომერციული დირექტორი.
APM Terminals -ი ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ნიდერლანდებში მდებარეობს, რომელიც დანიის გადამზიდავი კომპანია Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.