უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში.
„რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში.
აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის.
„ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.