ანალენა ბერბოკი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის დეფიციტმა, საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ 11 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა იაპონიაში ვიზიტისას, კოლეგა ესიმასო ჰაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუ გვექნება ნაკლები ენერგია, გვექნება ნაკლები თბომომარაგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რესურსების თანაბარი გადანაწილება მოხდეს“, - განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მან უარყო მოთხოვნა, რომ ჯერ არ გამორთონ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური ქსელიდან. „რუსეთი არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, არამედ ენერგომატარებლების მოწოდების შემთხვევაშიც არ იცავს წესებს“, - აღნიშნა ბერბოკმა.


11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.