შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

7 ივლისის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინული რუსული აქტივების ჯამური მოცულობა 6,7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკია (6,84 მილიარდი დოლარი). ამის შესახებ უკრაინული მედია, შვეიცარიის ეკონომიკური საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში 15 ქონება დაყადაღდა. ქონება გაყინულია შვეიცარიის ფედერალური მთავრობის ბრძანების შესაბამისად, რომელიც სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დაკავშირებით ახორციელებს.

„გაყინული აქტივების რაოდენობა არ იძლევა სანქციების ეფექტურობის შეფასების საშუალებას. ესაა მხოლოდ მყისიერ მიმოხილვა და შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ მიმართულებით. ერთის მხრივ, SECO მუდმივად იღებს ახალ მონაცემებს, მეორე მხრივ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გაყინული ფინანსური აქტივები საჭირო განმარტებების მიღების შემდეგ სანქცირებას აღარ ექვემდებარება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, შვეიცარიის მთავრობამ 6,3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (6,33 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა.


1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.

15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.