გერმანია და იაპონია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებაში დაეხმარებიან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, გერმანია და იაპონია დაიცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და დაეხმარებიან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებას. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბაერბოკმა ტოკიოში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

„იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა მხარი დაუჭირონ მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ემუქრება“, - იუწყება იაპონური მედია მინისტრების პრესკონფერენციაზე დაყრდნობით.

ჰაიაშის თქმით, ტოკიო და ბერლინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გეგმავს ორივე ქვეყანა.

მოხსენების თანახმად, ორივე მინისტრი ასევე შეთანხმდა, რომ „კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინეთი აძლიერებს პოზიციებს“.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თანამოაზრე ქვეყნებთან, რათა გავუმკლავდეთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რომელიც ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ჰაიაშიმ.