სანქციების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთში მხოლოდ სისუსტის გამოვლინებად იქნება აღქმული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია კანადის წარმომადგენლის გამოძახება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე აბსოლუტურად მიუღებელი გამონაკლისის გამო. საუბარია არ მხოლოდ Nord Stream-ის ზოგიერთ ტურბინაზე, რომელიც კანადას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა გადაცემა. ეს ეხება საერთო წესებს. თუ ტერორისტულ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი გამონაკლისით სარგებლობა, რა გამონაკლისები სურს მას ხვალ ან ზეგ? ეს კითხვა ძალიან საშიშია. ეს საშიშია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, დემოკრატიული სამყაროს ყველა ქვეყნისთვის. გადაწყვეტილება მხოლოდ სისუსტის გამოვლინებად იქნება აღქმული მოსკოვში. ეს მათი ლოგიკაა. ახლა კი, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არამხოლოდ შეზღუდოს მაქსიმალურად, არამედ, მთლიანად შეწყვიტოს ევროპისთვის გაზის მიწოდება ყველაზე მწვავე მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ახლა უნდა მოვემზადოთ, ეს არის ის, რისი პროვოცირებაც ხდება ახლა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებმა გამოხატეს ღრმა იმედგაცრუება კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის.
როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.