ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო და დამატებით, მძიმე იარაღს მიაწვდის

ნიდერლანდელი პოლიტიკოსები ხერსონის რეგიონის რეკონსტრუქციაში ჩართვის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Зеленский и Рютте встретились в Киеве

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენის საკითხი - არა ომის შემდეგ, არამედ ახლაც - ცალკე განიხილებოდა ნიდერლანდების მთავრობის მეთაურთან მოლაპარაკებების დროს.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, საგანმანათლებლო სისტემის ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებასა და სახელმწიფოს გათბობის სეზონისთვის მომზადებაზე.

ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ნიდერლანდების მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციაში გააძლიერებს პარტნიორ ქვეყანას. როგორც ცნობილია, 11 ივლისს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელი ივანივკა რუსული არმიისგან გაათავისუფლეს.

მისივე თქმით, ნიდერლანდებმა უკრაინას €200 მილიონი გამოუყო. თანხები საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას მოხმარდება.

თავის მხრივ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც იგივესკენ მოუწოდა.

„რა თქმა უნდა, უკრაინას სჭირდება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას თანამედროვე იარაღით. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დაეხმარონ უკრაინას მძიმე იარაღით. ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს მძიმე იარაღს, ჯავშანტექნიკას და თვითმავალ ჰაუბიცებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შეიძლება, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ამას ყველა ელოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროს შეუძლია, განზე გადგეს და პასიურად დააკვირდეს რა მოხდება, ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

როგორც ცნობილია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. მან მოინახულა კიევის რეგიონის ქალაქები ირპენი, ბოროდიანკა და ბუჩა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს.