ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი). მან საქართველოსთვის დეპოლარიზაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„მე მინდა რამდენიმე ძირითად ელემენტზე ვისაუბრო. პროექტი მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, მიაღწიონ ქვეყნის მოსახლეობის ამბიციურ ევროპულ მიზნებს.
დოკუმენტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.
ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას, რაც ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით უნდა შესრულდეს.
ანგარიშის პროექტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადაჭრას ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა დასახელებისა და დანიშვნის პროცესში, ასევე - გენერალური პროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; რეზოლუციის პროექტი ასევე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების საჭიროებასა და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე.
ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს, მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის შესახებ აღქმას“. კერძოდ, სვენ მიქსერმა ახსენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე;
„ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმირების პროცესში არსებობდა პროგრესის ნაკლებობა, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო 75 მილიონი ევროს ტრანში, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება 2021 წლის სექტემბრისთვის. ამასთან, ანგარიშის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე; შეშფოთებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
ანგარიშის პროექტი იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება და შეშფოთებას გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ამასთან, ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.
ცნობისთვის, ეს ანგარიშის პროექტი რეზოლუაციას უნდა დაედოს საფუძვლად.