შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.