სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. 

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ წარადგინა საქმიანობის ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია.

საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.