სამხრეთ საფრანგეთში 12 ივლისს საღამოს გაჩენილ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს. დამწვარია დაახლოებით 5000 ჰექტარი და ევაკუირებულია 10 000 ადამიანი.
მედიის ცნობით, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ორი ხანძრის ლიკვიდაცია - არკანშონის ყურის მიდამოებში და ქალაქ ლანდირასთან, ბორდოს სამხრეთით. გარდა ამისა, ახალი ხანძარი გაჩნდა ავინიონთან, რომელიც მარსელის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ბორდოს რეგიონში და ავინიონის მახლობლად, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 1000-ზე მეტი ადამიანი და 10 სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველების მუშაობას მშრალი, ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი აფერხებს. სამხრეთით დღის განმავლობაში 37/38°C-მდე ფიქსირდება.
ბოლო დღეებში ხანძარი დაფიქსირდა ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა ადგილებზე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ხანძარია ხორვატიის სამხრეთ სანაპიროზე, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე.