პიტერ სტანო: საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ

ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს. 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასდება.

„საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, რაც ჩვენ დამატებით აღვნიშნეთ არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, რომელიც ზუსტად იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.

შესაბამისად, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად. საქართველო მიიღებს ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე ანგარიშს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა სტანომ. 


13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა  წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე (ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის) არა 2022 წელს, არამედ, 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.